ეკლესია-მონასტრები




სვეტიცხოველი - ნიჭის ღვთიური ქმნილება

შეხედე ტაძარს სვეტიცხოვლისა,
სადაც იწვება უკვდავი ღვენთი,
მაშინ იწამებ გარე ყოვლისა,
რომ აქ ოდესმე ყოფილა ღმერთი.
მცხეთა იბერიის სამეფოს ძველი დედაქალაქია. ჩვენს წელთააღრიცხვამდე I ათასწლეულში საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ორი სამეფო: იბერიისა (ქართლის) - აღმოსავლეთში და კოლხეთის - დასავლეთ საქართველოში. სწორედ იბერიის სამეფოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა ქალაქი მცხეთა 800-ზე მეტი წლის განმავლობაში.
მცხეთა დიდ საქარავნო გზაჯვარედინზე არსებობდა და აქ მოდიოდნენ ან გადადიოდნენ მეფეები, ელჩები თუ დესპანები, ვაჭართა ქარავნები, მოგზაურები თუ მეისტორიენი. მცხეთის განუმეორებელი სილამაზე: ცაში აჭრილი ქართის მთები, ვერცხლის სარტყელივით მბზინვარე მტკვარი, ზურმუხტისფერი ტალღებით მომქუხარე არაგვი და ორ მდინარეს შორის სამკუთხედად გაწოლილი მთაგორიანი ადგილი ხიბლავდა: ბერძენ, რომაელ, ებრაელ, არაბ თუ ჩინელ სტუმრებს, მტრებს თუ მოკეთეებს.
მცხეთა ქრისტიანობამდეც ჩვენი ქვეყნის სულიერი ცენტრი იყო, აქ იდგა: არმაზის, ზადენის, გაცის, გაიმის, აინანას, დანანას და აფროდიტეს კერპები. ამიტომ, ბუნებრივია, მცხეთა და მისი რეგიონი ძალზე მდიდარია არქიტექტურული ძეგლებით, არქეოლოგიური მონაპოვრებით. ქალაქისა და მისი რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს 200-ზე მეტი არქიტექტურული ძეგლი, რომელთა შორის ცენტრალური ადგილი უჭირავს მცხეთის საპატრიარქო ტაძარს - სვეტიცხოველს.